Search This Blog

Tuesday, October 16, 2012

დარიანული

                 (ელენე დარიანის დღიურიდან)
დაიტანჯა
     მაჯა
მარჯნის
     მძიმე
ჯაჭვის
     ტარებით,
 ბევრი ცრემლი
     დამეხარჯა
 ერთ ღამის
      ნეტარებით.
დაიტანჯა
      მაჯა
მარჯნის
მძიმე ჯაჭვის
     ტარებით.
მე ლოყაზე
      დამრჩა
      ფარჩა
ცხელ პირის
      მოკარებით.
დაიტანჯა
       მაჯა
მარჯნის
მძიმე ჯაჭვის
      ტარებით.
ჩემ დამტანჯველს
       ღმერთი
დასჯის
       ქაჯათ
      გადაგვარებით.

       

   ჟურნალ ,,ცისფერი ყანწების" ორივე ნომერში (1916წ.) მხოლოდ ერთადერთი ქალის, ელენე დარიანის, ლექსები დაიბეჭდა. მკითხველი გააოცა უცნობი პოეტი ქალის თამამმა სტრიქონებმა. პოეტი აქამდე უჩვეულო და გაუგონარი სიშიშვლით წარმოაჩენდა სატრფიალო ვნებებს.
   ელენე დარიანი სინამდვილეში არ არსებობდა. ეს იყო პაოლო იაშვილის გამოგონილი ნიღაბი, რომელსაც ოსტატურად ირგებდა და უცნობი ქალის ინტიმურ განცდებს უნაზეს პოეტურ დღიურებად წამოაჩენდა(მაია ჯალიაშვილი).




   ლალი ავალიანი წერს: ,,პაოლო იაშვილის ,,დარიანულ" ლექსებს განსაკუთრებული ადგილი უკავია პოეტის შემოქმედებაში. ელენე დარიანი პაოლო იაშვილის მარტო ლირიკული გმირი როდია, იგი ,,ავტორია" ,,დარიანული" ლექსებიასა.
    დღეს ,,ელენე დარიანს", ჩვეულებრივ, პაოლო იაშვილის ფსევდონიმად მიიჩნევენ, მაგრამ 1915-1924 წლებში, როცა ,,დარიანული" ლექსები იბეჭდებოდა, ეს წმინდა წყლის ლიტერატურული მისტიფიკაცია იყო.
   ,,დარიანული" ლექსები დაიბეჭდა ჟურნალ-გაზეთებში: ,,ცისფერ ყანწებში", ,,მეოცნებე ნიამორებსა" და ,,ბარიკადში".
    ,,დარიანული" ლექსები, უწინარეს ყოვლისა, პაოლო იაშვილის პოეტური გარდასახვის იშვიათ უნარზე მეტყველებს. პოეტი ორმაგი სიძნელის წინაშე იდგა: მას უნდა დაენახა სამყარო არარსებული ლირიკოსი პოეტის და თანაც პოეტი-ქალის თვალით.
   ,,ელენე დარიანის დღიურებში" პაოლო იაშვილმა წარმოგვიდგინა ახალი, მისი იმდროინდელი პოეზიისგან საკმაოდ გაბსხვავებული პოეტური სამყარო" (ფრაგმენტი წერილიდან- ,,პაოლო იაშვილი").
   1997 წელს გიორგი ჯავახიშვილმა გაზეთებში ,,ლიტერატურულ საქართველოსა" და ,,კალმასობაში" გამოაქვეყნა მასალები, რომელთა მიხედვითაც მკვლევარი ასკვნიდა, რომ ელენე დარიანი იყო ფსევდონიმი ელენე ბაქრაძისა, პოეტი ქალისა, რომელიც მეგობრობდა ,,ცისფერყანწელებთან", განსაკუთრებით პაოლო იაშვილთან და სწორედ მას აძლევდა ლექსებს სარედაქციოდ. ამ თვალსაზრისმა პოლემიკა გამოიწვია ლიტერატორთა შორის, ბევრმა არ გაიზიარა და დღემდე საკამათოდ რჩება.


                                           პირამიდებში

იქ, სადაც სდუმან პირამიდები,
მზის ქორწილის დროე მე დავწვები მზიფერ სილაზე,
იქ, სადაც სდუმან პირამიდები,
                        შენ მომინდები,
შენი თვალები, შენი მკლავები, შენი სინაზე.
შენ მოგაფრენს ცხენი არაბული,
                      თვალებდანაბული.
საყვარელ ხელებს მივეცემი, როგორც ნაზ საწოლს,
და შენ დამკოცნი ვით დედოფალს, ვით მხევალს და ცოლს.
ტკბილი იქნება ცხელ სილაზე ჩვენი თამაში,
                                        მზიურებს მაშინ
არაფერი მოგვაგონდება...
პირამიდებში ატირდება ლოდინით რაში.
ლურჯ სფინქსთან მივა, უცქერს დიდქანს და დაღონდება.
სილიან ტანით მდინარისკენ გავეშურებით,
მწვანე ტალღებში დავამშვიდებთ ჩვენს ღელვას ალურს.
გამოფხიზლდება შენი რაში სფინქსის ყურებით,
დაუწყებს ძებნას უდაბნოში თავის სიყვარულს.

                                                                           /პაოლო იაშვილი/
                                                                                                1916 წ.

 

1 comment: