Search This Blog

Sunday, February 2, 2014

შუა საუკუნეების თეატრი

   თანამედროვე გაგებით თეატრი შუა საუკუნეებში არ არსებობდა; ისევე, როგორც არ არსებობდა თეატრალური ნაგებობა. ეკლესია იბრძოდა ასეთი ტიპის გართობების წინააღმდეგ, გმობდა უკეთესი ცხოვრების სურვილს, მიწიერ ბედნიერებას, ქადაგებდა ასკეტიზმს. თეატრის სფეროში იბრძოდა ანტიკური გადმონაშთების წინააღმდეგ. ამ პერიოდის თეატრი გვიჩვენებს ბრძოლას რეალისტურ ხალხურ სანახაობებსა და რელიგიურ წარმოდგენებს შორის. ე.ი. არის 2 მიმართულება : საერო - ჰისტრიონები (რიტუალური თამაშობები), ფარსი'; და რელიგიური - ლიტურგიული დრამა, მირაკლი, მორალიტე და მისტერია. საერთოდ, შუა საუკუნეების თეატრის განვითარება იყოფა ორ ეტაპად: ადრეული - მე-5, მე-11 სს-ები და განვითარებული - მე-12, მე-16 სს-ები.

   ჰისტრიონები არიან უბრალო გლეხი მსახიობები. ძირითადად, ხუმრობენ, მღერიან და ცეკვავენ. მე-12 ს-დან მათი "მოღვაწეობის" ადგილი ხდება ქალაქი თავისი დღესასწაულებით, გამოფენებით. შემდეგ თანდათანობით ეს ადამიანები გაერთიანდნენ სხვადასხვა ჯგუფებად და ჩამოყალიბდა მსახიობთა პროფესიული წრეები. მაგ; ბუფონები - მასხარები, ჟონგლიორები - ცირკის ოსტატები, ტრუბადურები - მელექსეები, ბალადებისა და სიმღერების შემსრულებლები.


   ფარსი - ეს ჟანრი განვითარდა ჰისტრიონების წარმოდგენებიდან და სადღესასწაულო თამაშებიდან. თამაშდებოდა ეკლესიის მსახურთა, ფეოდალების პაროდიები, სატირული სცენები. ფარსს თამაშბდნენ ნახევრადპროფესიონალი მსახიობები. წარმოდგენები იმართებოდა უბრალო ხალხის სახსრებით. ეკლესია და მაღალი საზოგადოება იბრძოდა ფარსის წინააღმდეგ.

   ლიტურგიული დრამა - ეკლესია ცდილობდა, რომ თეატრალური სანახაობები გამოეყენებინა თავისი მიზნებისათვის. ამიტომ თვითონაც დაიწყო წარმოდგენების დადგმა ეკლესიაში. არსებობდა 2 ციკლი დრამისა: საშობაო, რომელიც გვიჩვენებდა თეატრალიზებულად ქრისტეს დაბადებას; და სააღდგომო - ქრისტეს აღდგომას. თანდათან ლიტურგიული დრამის ტექსტი და კრიტერიუმები რთულდებოდა, გაჩნდა ყოფითი ელემენტები, ის უფრო დინამიური და მსუბუქი გახდა; ამიტომ ეკჯლესიის მსახურები იძულებული გახდნენ წარმოდგენები გარეთ გაემართათ.

   მირაკლი - წარმოდგება ლატინური სიტყვისგან "საოცრება". მირაკლი იყო რელიგიური ხასიათის და ყოფითი ჟანრისაც. ის მძაფრად აჩვენებდა ფეოდალების, მდიდრების უარყოფით მხარეს. ამ ჟანრში ყოველთვის არის კონფლიქტი, რომელიც წყდება ღვთიური ძალების - წმინდა ნიკოლოზის, წმინდა მარიამის - დახმარებით. მირაკლი ყოველთვის მთავრდებოდა პატიებით, მონანიებით.

   მისტერია - ვითარდება XV-XVI სს-ში. ძირითადა, განივითარდა ქალაქური რელიგიური დღესასწაულებიდან. მისტერიულ წარმოდგენებს მართავდა არა ეკლესია, არამედ ქალაქის საბჭო. ავტორები იყვნენ მეცნიერ-ღვთისმსახურნი, იურისტები, ექიმები. ეს იყო ძალიან დიდი სანახობა, რომელში მონაწილეობას იღებდა უამრავი ხალხი: მდიდრებიც და ღარიბები. წარმოდგენები იმართებოდა ქუჩებში, ქალაქის მოედნებზე.
 
   მორალიტე - განვითარდა მისტერიიდან. მას ახასიათებს ზნეობრივი დიდაქტიკა. იყო ალეგორიული სახის. მსახიობები გამოხატავდნენ ბუნებრივ სტიქიებს, ადამიანურ ცოდვებს. მორალიტეში მთავარია ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის, სხეულსა და სულს შორის. ყურადღება ექცეოდა მსახიობის მხატვრულ კითხვას. კოსტიუმი და თამაში, "როლში შეჭრა", აუცილებელი არ იყო.

   შუა საუკუნეებში თეატრალური წარმოდგენები იმართებოდა ქალაქის ცენტრში, მოედნებზე. თეატრალური ნაგებობდა, შენობა არ არსებობდა. სცენა იყო ხის, მრგვალი. ზოგჯერ წარმოდგენა რამოდენიმე მოედანზე თამაშდებოდა. ლიტურგიულ დრამებს თამაშობდნენ ტაძრის წინ. მსახიოებები ურმებით, ურიკებით გადაადგილდებოდნენ ერთი ქალაქიდან მეორეში. ზოგჯერ სცენაზე იგებოდა მოცულობითი დეკორაციები: ხეები, მთები, სასახლეები. გამოიყენებოდა მოხატული ტილოები, რომლებიც ხის ჩარჩოში იყო ჩასმული.
   შუა საუკუნეების თეატრში გამოიყენებოდა მრავალნაირი რეკვიზიტი: ნამდვილიც და ბუტაფორიაც.

No comments:

Post a Comment