Search This Blog

Friday, February 15, 2013

უილიამ თეკერეი (1811-1863)

    უილიამ თეკერეი დამსახურებულად მიაჩნიათ ინგლისელ მწერალთა "ბრწყინვალე ხუთეულის" წევრად. მის რომანს "ამაოების ბაზარი" შემთხვევით არ უწოდებდნენ ინგლისელი საზოგადოების პანორამულ სურათს. ამ ნაწარმოებმა მწერალს საერთაშორისო აღიარება მოუტანა და ის ახლა მსოფლიო ლიტერატურის საკუთრებაა. გამოქვეყნებიდან რამდენიმე წელიწადში რომანი მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზე ითარგმნა.
   "ამაობის ბაზარში", მიუხედავად სატირული გესლისა, უილიამ თეკერეი გულისტკივილით ასახავდა თითქმის თავისი თანამედროვე ინგლისის ამაოებაში ჩაფლულ ცხოვრებას. რომანის მთარგმნელი ალექსანდრე გამყრელიძე წერს მწერლის შესახებ: "უილიამ თეკერეის დადგენილია სიტყვა "სნობის" თანამედროვე მნიშვნელობა. როცა კემბრიჯში ამ სახელწოდების ჟურნალს გამოსცემდნენ, სნობი ცხოვრებით კმაყოფილ, უბრალო, ჭკუაშეზღუდულ მოქალაქეს აღნიშნავდა. თეკერეიმ კი ამ სიტყვის უფრო ფართო და განმაზოგადებელი მნიშვნელობა მიანიჭა და გმაოსარჩევ ნიშნად მიიჩნია სნობის დამოკიდებულება ამა სოფლის ძლიერთა და მდაბალთადმი. სნობი დიდებულთა წინაშე მიწას განერთხვის, მდაბალი კი წიხლავს. თავი სიმდიდრითა და წარჩინებულობით მოაქვს, ნამდვილად კი უბადრუკი რეგვენია. თეკერეიმ თავის "სნობების წიგნში" და რომანებში ამ ტიპის ადამიანთა მთელი გალერეა შექმნა".




  ალბათ, იშვიათად თუ შეხვდებით მსოფლიო ლიტერატურაში კლასიკოს მწერალს, რომელიც ასე კრიტიკულად იყოს განსწყობილი თავისი რომანის გმირებისადმი. უილიამ თეკერეი "ამაოების ბაზარში" უარყოფითი პერსონაჟების კრებულს წარმოადგენს.ბებერი სოვდაგარი ჯონ ოსბორნი თუ წარჩინებულობას მიელტვისდა ამისათვის ის კაცსაც წიხლავს, რომელმაც ფეხზე დააყენა, ღარიბი მხატვრის ოჯახში გაზრდილი და სიღატაკით გაბოროტებული რებეკა საქმროებზე ნადირობით ეძიებს ადგილს მაღალ საზოგადოებაში. ფულსა და სიმდიდრეზე "მონადირეთა" შორის არის სერ პიტიც: მამამისი სერ პიტი-უფროსი კი თაღლითი და ანგარებით აღსავსეა: წერა-კითხვაც კი არ იცის ხეირიანად, მაგრამ ამას ფლიდი და ხრიკებით "შეიარაღებული" აზნაურისთვის ხელი არ შეუშლია გამდიდრებაში; სამაგიეროდ, მისი ძმა, ქეიფის მოყვარული მღვდელი ბიუტ კროული, მფლანგველი და მოთამაშეა. ერთი სიტყვით, რომანში უარყოფით პერსონაჟთა "თავყრილობაა", ნამდვილი "ამაოების ბაზარია", თუმცა კი მწერალი ცდილობს თითოეულ უაროფით გმირში დროდადრო მაინც დაგვანახვოს რაიმე წმინდა და ადამიანური და საბედნიეროდ, ამას შესანიშნავად ახერხებს.

    ნაწყვეტი წიგნიდან "ამაოების ბაზარი":
" რა ფიქრები უტრიალებდა ბეკის თავში, ქმარმა რომ დატოვა? .. რებეკა რამდენიმე საათს გაშეშებული იჯდა საწოლის კიდეზე. ყველა უჯრა გამოღებული იყო და მათი შემადგენლობააქეთ-იქით მიმოფანტული: კაბები და ფრთები, შარფები და ძვირფასისამკაულები - ამაოებათა ნამსხვრევების ალუფხულ-დალუფხული გროვა... ესმოდა., როუდონი როგორ ჩავიდა ქვემოთ, კარი ჯახუნით როგორ გაიკეტა.. ის სამუდამოდ წავიდა".

No comments:

Post a Comment