Search This Blog

Sunday, August 12, 2012

რას და როგორ კითხულობდნენ შუა საუკუნეებში

      შუა საუკუნეების რელიგიური წიგნების შესწავლით მათ მფლობელთა მანარებისა და ჩვევების დადგენა გახდა შესაძლებელი. კვლევა სენტ ენდრიუსის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მოაწყვეს. მათი განმარტებით, შუა საუკუნეებში მკითხველებს იგივე ჩვევები და განცდები ჰქონდათ, როგორიც თანამედროვე ადამიანებს: ეშინოდათ ავადმყოფობის, იყვნენ ეგოისტები და ლოცვის კითხვისას ჩათვლემდნენ ხოლმე.
      მკვლევართა ჯგიფის ხელმძღვანელმა, დოქტორმა კეტრინ რუდიმ, რომელიც სენტ ენდრიუს უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიის სკოლას წარმოადგენს, გადაწყვიტა შეესწავლა წიგნების ყველაზე ჭუჭყიანი გვერდები, რადგან, მეცნიერების აზრით, ყველაზე ხშირად სწორედ ამ გვერდებს კითხულობდნენ.
      კვლევისთის სამეცნიერო ჯგუფმა სპეციალური მოწყობილობა – დენსიტომეტრი გამოიყენა, რომელიც ფურცლის გაშავების ხარისხს ზომავს. ხელსაწყოს დახმარებით განისაზღვრა, წიგნის რომელ გვერდს კითხულობდნენ ყველაზე ხშირად.
      კვლევის მიმდინარეობისას გაირკვა, რომ ევროპულ რელიგიურ წიგნებში ყველაზე მეტად ჭუჭყიანი ის გვერდები იყო, რომელიც წმინდა მოწამე სებასტიანის ლოცვებს შეიცავდა.
      მოწამის ცხოვრების თანახმად, ის ჯერ მშვილდებით დაცხრილეს, შემდეგ ქვებით ჩაქოლეს.


      ჯგუფის ხელმძღვანელი კეტრინ რუდი ირწმუნება, რომ მისი ჭრილობები შავი ჭირის სიმპტომებს ჰგავდა, ამიტომ შუა საუკუნეებში, როცა სასიკვდილო სენი ევროპის ქალაქების მოსახლეობას მუსრს ავლებდა, ევროპელებმა შავი ჭირისგან დამცველ წმინდანად სწორედ ის აირჩიეს.
      მეცნიერთა აზრით, დაავადებებისადმი შიში მკითხველთა უმრავლესობისთვის დამახაიათებელი ნიშანი იყო. ამას გარდა, ისიც დაასკვნეს, რომ საკუთარ ჯანმრთელობაზე ლოცვა გაცილებით პოპულარული იყო, ვიდრე ლოცვა მოყვასთათვის.



      მკვლევართა ჯგუფმა გამოარკვია, რომ ღამით ადამიანები არცთუ გულმხურვალედ ლოცულობდნენ. ადრიანი დილის ლოცვებში კი გაცილებით გაჭუჭყიანებული დასაწყისი გვერდები აღმოჩნდა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ლოცვის კითხვისას ადამიანებს უბრალოდ ჩაეძინებოდათ ხოლმე.

      "შუა საუკუნეებში რელიგია ჯანდაცვის, ცხოვრების დაგეგმვისა და ურთიერთობების განუყოფელი ნაწილი იყო, ამიტომ რელიგიური წიგნები მეტად პოპულარული გახლდათ, განსაკუთრებით, შეძლებულ ოჯახებში" – ამბობს კეტრინ რუდი.
      მკვლევარი აღნიშნავს, რომ წიგნი შუა საუკუნეებში ნამდვილ საგანძურს წარმო–ადგენდა. წიგნს დღეში რამდენჯერემე კითხულობდნენ, ლოცვის დროს. ფურცლებზე შემორჩენილი ჭუჭყის ანალიზისას ბევრი ინფორმაციის მიღება შეიძლება: რა ჩვევა ჰქონდათ მათ მფლობელებს და რას ანიჭებდნენ უპირატესობას.

                                                                   წყარო: "ისტორიანი", BBC – ის მასალების მიხედვით

No comments:

Post a Comment